ბრძოლა ყოველთვის ღირს, 25 თებერვალი არის ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგროც ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყანას ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს.
„25 თებერვალი არის ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას... დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლისა, იმ შემართებისა, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულებისა, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასეა. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი არის სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების...
ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს აქ რომ ვდგავართ, უნდა ვიცოდეთ ის ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ არის ერთადერთი და სანამ ამ ქვეყანას ექნება კიდევ ერთი კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნისა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფს ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს. სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი რა გავიგეთ ჩვენი ისტორიიდან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.