კობახიძის შემდეგ პაველ ჰერჩინსკის თავს შალვა პაპუაშვილიც ესხმის

25.02.25 14:02
კობახიძის შემდეგ პაველ ჰერჩინსკის თავს შალვა პაპუაშვილიც ესხმის

ირაკლი კობახიძის შემდეგ პაველ ჰერჩინსკის თავს შალვა პაპუაშვილიც ესხმის. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ჰერჩინსკი აცდენილია გაგებას, თუ რას ნიშნავს ელჩობა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პროკურორად არავის დაუნიშნავს. 

გამაოგნებელია ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები. მე ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქ ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიცია ჩვენ მისთვის როგორც პროკურორისთვის საქართველოში. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს, ერთი, რომ თქვას, სად იყო ძალადობა, მეორე - თქვას, ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე, სანქციებიც გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ასეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორი, ადვოკატიც, მბრალდებელიც, მოსამართლეც და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მემგონი, აცდენილია, რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში, - ამბობს პაპუაშვილი. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება დაშინებას, ძალადობას და დაუსჯელობას. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს, წევრ სახელმწიფოებს შორის პასუხისმგებელი პირების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნას მიღებული.