პოლიტიკური კრიზისი უნდა ამოიწუროს დროულად, რადგან ცხოვრება გაუსაძლისი ხდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის- სამადაშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს,სალომე სამადაშვილს, რომელიც საყოველთაო მარშს შეუერთდა, ხელში უჭირავს ფურცელი წარწერით- “ონისე ცხადაძე“.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს ამბობს, მან ბანერი სიმბოლურად მიიტანა მარშზე და მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ გამოხატავს მთავარ მოთხოვნას- დაუყოვლებივ გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები.
სამადაშვილის თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად გავიმეოროთ სინდისის პატიმრების სახელები და გვარები“, - განაცხადა მან.
ჩვენი გამოწვევა არის ის, რომ დღეს კონკრეტული ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაკეთდა, სადაც ცალსახად მოუწოდებენ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასაწრაფოდ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. ამიტომ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, დღესაც და ყოველდღეც, ხშირად გავიმეოროთ ამ ხალხის, რეჟიმის და სინდისის პატიმრების სახელები და გვარები, რადგან მათი გათავისუფლება დღეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას.
ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა აბსოლუტური კატასტროფისკენ მიექანება, რადგან შეუძლებელია, ქვეყანას მართავდეს არალეგიტიმური ხელისუფლება და რაიმე პრობლემა იჭრებოდეს, მაგალითად, ვნახეთ რა უბედურ ამბავში არიან ჩვენი თანამოქალაქეები გურიაში და სხვაგან, სადაც ელემენტარული მზადყოფნა არ არსებობს, რომ გაუმკლავდნენ იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნა.
ამიტომ, ეს პოლიტიკური კრიზისი უნდა ამოიწუროს დროულად, რადგან ცხოვრება გაუსაძლისი ხდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.