“გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები“ - პრეზიდენტმა სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა

25.02.25 22:34
“გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები“ - პრეზიდენტმა სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ერთადერთი და უალტერნატივოა.

„გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები“, -თქვა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის მომზადება, რამდენიმე საკითხზე გადის. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ, სხვადასხვა გამართლება აქვთ საკუთარ თავში, მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორი არის რუსული რეჟიმი და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება რუსული ჩექმის ქვეშ.

მე მჯერა თქვენი და იმის, რომ, სწორ გზაზე მივდივართ. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი, პარტნიორი ქვეყანა ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ როცა არსებოსბ ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადც ერთ მხარეს დგას რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება, არცერთი მხარე არაფერს თმობს. ეს ღრმა კრიზისი 4 თვეა გრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი არ არსებობს.

ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. რა უნდა იყოს გეგმა? არჩევნებისთვის მომზადება და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე.

ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.

მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთლი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება, ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ.

მესამე და ამაზე ვმუშაობ - ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორების ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ, ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ეს ეხება ბევრ რამეს და ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი სწორედ მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ კარგად გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბება და მანიპულაცია გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ რომელიც შეეხება სხვა ევროპის ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია, ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს.

კიდევ უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთი მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ შესაძლო ახალი პოლიტიკური პარტიები, ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან.

მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას ერთად, ყველა პროევროპულ პარტიას, მაგრამ ერთი რამ, ვიცი - პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონი უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სადაც წერია, რომ კორუფცია უნდა დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის არჩევნებიდან პირველ ექვს თვეში", - თქვა პრეზიდენტმა.