რეპრესიები თავდაცვის სამინისტროში - უწყებიდან ევროპული კურსის მხარდამჭერი თანამშრომლები გაათავისუფლეს

26.02.25 10:21
რეპრესიები თავდაცვის სამინისტროში - უწყებიდან ევროპული კურსის მხარდამჭერი თანამშრომლები გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროდან ევროპული კურსის მხარდამჭერი თანამშრომელები გაათავისუფლეს. საჯარო სიცრცეში მინიმუმ 9 გათავისუფლებულის შესახებ იძებნება ინფორმაცია. 
 

  • გათავისუფლებულია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

მაკა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შტატი საერთოდ გაუუქმეს:

“ჩემს “დაუმორჩილებლობასთან” დაკავშირებით გამომიცხადეს ე.წ. “განაჩენი”. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი გამიუქმეს და უსამსახუროდ მტოვებენ. 2015 წლიდან უწყებაში, რომელშიც ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მრავალი ფინანსური ხარჯითა და საინტერესო წამოწყებით სტრატკომის ინიციატივას ვაშენებდით, ბოლო რამდენიმე წელია პროფესიული იმპოტენციისა და სისტემური შლის მაგალითად იქცა. და როდესაც დავაფიქსირე, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს გარდაუვალი, ერთადერთი მომავალია – სამსახური დავკარგე. დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი! შეუძლებელია ასე გაგრძელდეს ნგრევა”, – აცხადებს მაკა კევლიშვილი.

  • სამსახურიდან გათავისუფლებულთა შორისაა ანანო გორგოძეც. 

საჯარო მოხელეს უთხრეს, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება:  

“ამასობაში, თავდაცვის სამინისტრომ კოხტად ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება. სამინისტროში 2017 წლიდან ვმუშაობ ამ მიმართულებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე და ჩემმა განყოფილებამ შევქმენით მთლიანი პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ შორს წავალ და ეს პრაქტიკა სხვა სამინისტროებსაც მთელი გულუხვობით გავუზიარეთ. როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი, თავს რომ დავეტოვებინე”, - წერს გორგოძე.

  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტიდან გაუშვეს მიშა რამაზაშვილი და გუცა გვესელიანი. 

“ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას.

სამშობლოს ცნება მეტია, ვიდრე ხელფასი, ვინც ამავე ემოციით მოხვედით ან ახლა მოღვაწეობთ ამ და სხვა საჯარო სამსახურის კედლებში, დამეთანხმებით”, – წერს მიშა რამაზაშვილი.

თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, მარიამ ობოლაშვილი.

"ტვ პირველი" გათავისუფლებულებს ესაუბრა, მათი კომენტარები ნახეთ აქ: 

რა ეწერა თავდაცვის უწყების თანამშრომლების განცხადებაში:

ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით. სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით. ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა. ვემსახურებით საქართველოს!