ოზურგეთის მერიის უკან მცხოვრებ ქალს უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებიან - 75 წლის სოციალურად დაუცველი ღამეს მეზობელთან ათევს
გურიაში ასობით ოჯახი ისევ უშუქოდ, უწყლოდ, საკვების და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი. გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ათობით სოფელი სადაც მეხუთე დღეა, დიდთოვლობის გამო მისვლა ვერ ხერხდება. დანგრეულია სახლები და სტიქიის ეპიცენტრში ხალხი სიცოცხლის რისკის ქვეშ არის დარჩენილი.
მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთშიც, სადაც გზის გაწმენდა დაიწყეს, მაგრამ დიდთოვლობის გამო ცოტახნის წინ მრავალსართულიანი კორპუსის შესასვლელი ჩამოინგრა.
"ქართულმა ოცნებამ" საკოორდინაციო შტაბი შექმნა, გურიაში ირაკლი კობახიძეც ჩავიდა, თუმცა სტიქიას ოლიგარქის პარტია გუბერნიის შენობიდან მართავს. იქ მისულ "ტვ პირველს" კარი ჩაუკეტეს და კითხვებზე არ უპასუხეს.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, გუბერნიის წინ მდებარე გზა საგანგებოდ გაწმინდეს, თუმცა შველას ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციული შენობის უკანა ქუჩაზე ცხოვრობენ.
75 წლის ციცო თედორაძემ ოზურგეთის მერს ურჩია, კაბინეტის ფანჯრიდან მაინც გამოიხედოს, რომ ნახოს რა მდგომარეობაშია მისი სახლი.
ქალი, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერი არ არის, ეჭვობს, რომ მის დასახმარებლად სწორედ პოლიტიკური შეხედულების გამო არ მიდიან.
სოციალურად დაუცველი მოქალაქე სამი დღეა, მეზობელთან ათევს ღამეს.
სახლი ავარიულია, თქვენც ხედავთ, რამხელა თოვლია. შიგნით ფიზიკურად ვერ შევდივარ, რადგან ძალიან დიდი საფრთხეა, სახურავი ჩამოინგრეს. მერიაში გუშინ დავრეკე და პასუხი ასეთი იყო, 800 თუ 8 000 სახლია დასათოვლიო. გამოდის, ჩემთვის არ სცალიათ. 122-შიც დავრეკე, სახანძროდან დამიკავშირდნენ, შემდეგ პოლიციამაც დარეკა და ვერ დაგეხმარებითო. ძველი სახლია, სიმყარე არ გააჩნია და ასეთ დღეში ვარ. მეზობელმა შემიფარა, რამეც იქ გავათენე.
ასეთ დროს, როგორ შეიძლება პოლტიკურად განსხვავებული ადამიანის განსხვავება?!"- ამბობს პენსიონერი.