ელჩი: გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა
საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
პიტერ ფიშერმა ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან.
"გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება, რაც მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევას და ევროკავშირი-საქართველოს პროგრამებს - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო. ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანიის უნივერსიტეტებში, ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით, აცნობიერებენ ამ დანაკარგს", - წერს პიტერ ფიშერი.
ირკვევა, რომ შეზღუდვა ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსთვის, რაც დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“, - აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ელჩი.