პროგრესის ნაცვლად რეგრესი - რა წერია Freedom House-ის კრიტიკულ ანგარიშში
მსოფლიო პოლიტიკის რუკაზე Freedom House-მა საქართველო ყვითლად მონიშნა და ქვეყანა ჰიბრიდულ რეჟიმების ჩამონათვალს მიაკუთვნა. საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიას და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში 100 - დან 55 ქულით აფასებს. ეს სამი ქულით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე და ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ კლებას ასახავს. საქართველომ უკან დაიხია იმ ბრუტალური მეთოდების გამო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს მომიტინგეების, მესამე სექტორის, ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისთვის გამოიყენა.
იმ კატეგორიაში, სადაც საქართველომ უკან დაიხია, ქვეყანას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა ბანგლადეში, კომორის კუნძულების კავშირი, დომენიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი. ეს ჯერ კიდევ არ არის დეტალური ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია მალე გამოაქვეყნებს. გასული წლის შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდება მომიტინგეებზე ძალის გამოყენების ფაქტები, რომელიც ორგანიზაციამ არაპროპორციულად მიიჩნია და ამ კონტექსტში საქართველო მოზამბიკთან ერთად მოიხსენია.
დეტალურ ანგარიშში მოსალოდნელია, რომ Freedom House-მა ყურადღების მიღმა არ დატოვებს გაზაფხულის პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და მის ჩასახშობად მოქალაქეების დარბევის ფაქტებს, რომელიც ორგანიზაციამ მაშინვე დაგმო და კანონის დამტკიცებით საქართველოს რუსეთთან დაახლოება უწინასწარმეტყველა.
გრაფიკული გამოსახულება, რომელიც Freedom House-ის ანგარიშში გვხვდება, ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს და გამოყენებულ მეთოდებს ასახავს. საქართველოს მინუს ორი ქულა აქვს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს მანიპულაციასთან და ძალადობასთან დაკავშირებული დარღვევები გამოვლინდა. სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, ადმინისტრაციული თაღლითობა, ძალადობა კანდიდატებზე, აქციების დარბევა და თავდასხმა საარჩევნო უბნებზე.