რას ყიდულობს შსს - 7 მილიონიანი პროგრამა კრიმინალთან ბრძოლისთვის თუ დემონსტრანტების დევნისთვის?

27.02.25 20:57
რას ყიდულობს შსს - 7 მილიონიანი პროგრამა კრიმინალთან ბრძოლისთვის თუ დემონსტრანტების დევნისთვის?

შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 მილიონად იმ პროგრამას ყიდულობს, რომლითაც მოქალაქეების ტელეფონებში არსებულ ინფორმაციაზე სრული წვდომა ექნება. ახლა გომელაურმა უნდა მოასწროს და ლიცენზია შეიძინოს.  ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ შსს გააფრთხილა, რომ სასწრაფოდ შეიძინონ ლიცენზია, თორემ კომპანიას შესაძლოა, საქართველოში აღჭურვილობის გაყიდვა ნებისმიერ მომენტში აეკრძალოს. ეს შსს-ში გაგზავნილ წერილში წერია. რატომ შეიძლება აკრძალონ საქართველოსთვის პროგრამის მიყიდვა? - ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს სახელმწიფოს მიერ პროგრამის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება.

პროგრამას გომელაური 2024 წლის მაისიდან იყენებს. აქამდე თუ 5 მოწყობილობა არსებობდა, ახლა პოლიციას სურს, კიდევ 2 დაამატოს და კომპიუტერულ მონაცემებზე მეტი წვდომა მიიღოს. დემონსტრანტებისთვის ჩამორთმეული ტელეფონების დაჰაკვის და გაშიფვრის საშუალება სავარაუდოდ სწორედ კომპანია "სელებრითის" პროგრამა იყო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ არსებობს რისკი პოლიციამ კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად პროგრამა აქტივისტების დევნისთვის გამოიყენოს.

რა არის შესაძლებელი სელებრითის პროგრამით? ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან ინფორმაციის მოპოვება, ამოღება, გაშიფვრა, წაკითხვა. მათ შორის ისეთისაც, რომელიც უკვე წაშლილია. წვდომა პროგრამას ნებისმიერ ტელეფონზე შეუძლია, მთავარია ის პოლიციის ხელში აღმოჩნდეს. გამოსავალი მხოლოდ ინფორმაციის რამდენიმენაბიჯიან დაცვასა და ტელეფონის გათიშვაშია.

რას ყიდულობს შსს 7 მილიონად - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები