“ოცნება“ ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში „დიფ სთეითის“ რუპორია

28.02.25 14:19
“ოცნება“ ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში „დიფ სთეითის“ რუპორია

“ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში „დიფ სთეითის“ რუპორია და მან დიდი ხანია გადალახა „წითელი ხაზები“.

მათიკაშვილი  EU-ს ელჩს საქართველოში, ახალგაზრდებთან შეხვედრების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის “დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი და დაკავებულია არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით.“

ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენელი, ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი. მან დიდი ხანია უკვე, გადალახა ეს „წითელი ხაზები“ და ჩანს, რომ ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში. ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ა.შ. პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების და სამწუხაროდ, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის ეს ადამიანი დაკავებული,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.