რატომ შეხვდა იტალიის ელჩი "ოცნების" თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრს? - დებატები იტალიაში

28.02.25 15:25
რატომ შეხვდა იტალიის ელჩი "ოცნების" თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრს? - დებატები იტალიაში

რის გამო შეხვდა იტალიის ელჩი საქართველოში ივანიშვილის პარტიის თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრს? იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დღეს ახსნა-განმარტებებს იტალიელი სენატორები ითხოვდნენ. რესპუბლიკის სენატში საქართველოს შესახებ გამართული დებატებისას გაირკვა, რომ იტალიაც, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, "ოცნების" რეჟიმისგან ქმედებებს ელოდება: უნდა შეწყდეს რეპრესიები ხალხის წინააღმდეგ და ქვეყანა ევროპულ რადარებს დაუბრუნდეს. "ოცნების" რეჟიმი იტალიის სენატში დღეს არჩევნების მიტაცებასა და ქართველი ხალხის ჩაგვრაში ღიად ამხილეს.

სენატორი მარკო ლომბარდო იყო პირველი, ვინც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეხვდა იტალიის ელჩი "ოცნების" თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრს. 

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპრალმანეტო არჩევნები, რომელიც აღინიშნება საგარეო ჩარევით, დარღვევებით, გაყალბებით. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აგრძელებს პროტესტს, იტანს სასტიკ რეპრესიებს და ძალადობას და მოითხოვს, არჩევნების შედეგების გაუქმებას საარჩევნო პროცესის დარღვევების გამო. იტალიის ელჩი თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. 13 თებერვალს ევროპარლამენტმა ფართო უმრავლესობიტ დამტკიცებული რეზოლუციიტ დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. არცერთო ევროპული მთავრობა არ ცნობს და მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ბატონო მინისტრო, ჩემი შეკითხვაა, რის საფუძველზე შეხვდა იტალიის ელჩი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს? გჯერათ თუ არა, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან კრიტიკული დიალოგის დაწყება საერთო ევროპული ფრონტის შესუსტებას აყენებს რისკის ქვეშ. ფიქრობთ თუ არა, რომ ორმხრივი ურთიერთობების წამოწყება ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ეწინააღდეგება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა ევროპის სახალხო პარტიამ, იმ პოლიტიკურმა ოჯახმა, რომლის წევრიც თქვენ ხართ. უპირველეს ყოვლისა, იტალიის რა იმიჯს ვაჩვენებთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც 92 დღე და ღამეა ქუჩაში გამოდიან საქართველოს და ევროკავშირის დროშით, რათა მოითხოვონ დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, - თქვა სენატორმა.

იტალიის განწყობები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხმა ცხადყო. ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, რომ იტალია არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომელმაც "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვას დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, აუცილებელია, "ოცნება" ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ გაჩერება, არამედ ნაბიჯები უკან, - თქვა ტაიანმა. მისივე განმარტებით, იტალია მაინც მიიჩნევს, რომ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ გზა უნდა დაიტოვოს და ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა. 

იტალიის მთავრობამ არაერთხელ დაგმო ხელისუფლების ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეებისა და განსხვავებული ხმების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, გადახედოს ყველა ზომას, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ გზას და ცხადია, რომ ეს გზა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ შეჩერდა, არაედ, სამწუხაროდ, ნაბიჯები უკანაც გადაიდგა. ჩვენი უკმაყოფილების ცხადად გამოსახატად ბრიუსელში მხარი დავუჭირეთ ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ევროპულ დონეზე არჩევნების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვჯერა, რომ სასარგებლოა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგების არხების გახსნა , თუნდაც კრიტიკისთვის, როცა საჭიროა და ჩვენი ხმის ცხადად მისაწვდენად. ხელისუფლება ყურადღებით გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, მაგრამ არ გვინდა იმ ქართველი ხალხისთვის კარის დახურვა, ვინც ევროპისკენ იყურება და თავს ევროპულად გრძნობს. ჩვენი პოზიცია ნებისმიერ შემდგომ შემაკავებელ მექანიზმზე ნათელია:  ის უნდა იყოს მიზანმიმართული, პროპორციული და განურჩევლად არ უნდა აზარალებდეს ქართულ საზოგადოებას, - განაცხადა მინისტრმა.