საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა - ჰერჩინსკი
"ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით" - ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წამების გამო, EU-მ "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის ვიზიტები გააუქმა და ივანიშვილის რეჟიმს დაფინანსება გაუყინა.
ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც.
მე სიამოვნებით შევაქებდი მთავრობას რეფორმების გამო, პოზიტიურს ვიტყოდი მოვლენებზე მაგრამ სამწუხაროდ ,როცა ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ეს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენ ფინანსური დახმარება შევუჩერეთ მთავრობას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები შევზღუდეთ. ჩვენი დახმარება მივმართეთ მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით რომლებიც რთულ მდგომარეობაშია. ჩემი როლია, რომ საჯაროდ ვისაუბრო, რა სტადიაზეა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მე როგორც ელჩი, ვისურვებდი, რომ სულ სხვა ადგილას ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ევროკავშირმა მიანიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას შემდეგ საქართველო დაახლოების ნაცვლად დაშორდა ევროპას. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო.
ყოველწლიურად, ევროკავშირი, დაახლოებით, 85-100 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. ამ თანხის უმეტესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემა, აქედან, თითქმის, 50% კი სახელმწიფო ბიუჯეტში ხვდება. დიდი ნაწილი ასევე მიემართება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებისკენ, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით მუშაობენ“, - აღნიშნა ელჩმა.