ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა - კობახიძე ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს პროპაგანდით ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალს შორის თეთრ სახლში გამართულ კრიტიკულ შეხვედრას ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი განცხადებით ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე კვლავ "ქართული ოცნების" ნარატივს ავითარებს შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით და ოვალურ კაბინეტში მომხდარ კამათსა და ამის შესახებ მსოფლიო გამოხმაურებებს პროპაგანდას უპირისპირებს.
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.
გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები - ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს.
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით - აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ.
ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში.
პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“,- წერს კობახიძე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.