ჟურნალისტური გამოძიება - ვინ არის კაცი რუსული პასპორტით, რომელსაც ტყიბული ჩააბარეს

01.03.25 21:44
ჟურნალისტური გამოძიება - ვინ არის კაცი რუსული პასპორტით, რომელსაც ტყიბული ჩააბარეს

ვინ არის რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, ვინც ადგილობრივების თქმით, მთელი ტყიბული ჩააბარეს. როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, მისი ხელდასხმით ხდებიან საკრებულოს დეპუტატები და ინიშნებიან მერები, მისი მოსვლის შემდეგ აქ ბატონყმობა დაბრუნდა. 

ირკვევა, რომ  რუსეთის მოქალაქე სოცკი, უკვე არა მხოლოდ ნახშირის საბადოების მმართველია. ის აკონტროლებს და მართავს ტყიბულში არა ერთი ობიექტსაც.

მიხაილ სოცკი დუმს, მან დაცვას "შაბათის ეთერის" ეზოში შეშვება აუკრძალა. თავად კი კამერას, რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა სართულზე, ფარდის უკან ემალებოდა.

ტყიბულში კი ხალხი  საჯაროდ ჰყვება, როგორ აძევებს რუსეთის მოქალაქე სამსახურიდან სტაჟიან მეშახტეებს - ვისზეც ეტყვიან ან თავად დაეჭვდება, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთგული არ არის. 

ეს ყველაფერი არ არის, ტყიბულში აქამდეც იცოდნენ, რომ სოცკი მეშახტეები ქალაქის ფეოდალად ქვეყნის ერთადერთმა ოლიგარქმა აქცია, თუმცა ბიძინა ივანიშვილისა და საქნახშირის მმართველის კავშირებზე ეჭვები მას შემდეგ გაუმყარდათ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ტყიბულის საბადოები, პარტიული პროპაგანდის პოლიგონად აქციეს.

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ტყიბულის მაღაროების მმართველთან და რამდენ მილიონს იღებს ოლიგარქი შახტების მფლობელისგან ?! 

  • 2019 წლის ბოლოდან ტყიბულის ქვანახშირის შახტების მფლობელი ,,სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი’’ გახდა!  კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭელიძია. ჭელიძის კომპანია შახტებს ფლობს,  თუმცა ქვანახშირის საბადოების მუშაობას, სრულად, რუსეთის მოქალაქის მიხეილ სოცკის მფლობელობაში არსებული  კომპანია ,,კოალ მენეჯმენტი’’ მართავს. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალიი: 2022 წელს, როდესაც ივანიშვილის ანგარიშები გაყინული იყო და ოლიგარქი წერილებში ჩიოდა, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს, მის "ქართუ ფონდს", ტყიბულის ქვანახშირის საბადოების მფლობელმა, 138 მილიონი ლარი ასესხა. ფული ივანიშვილს ერთ წელიწადში უნდა დაებრუნებინა, თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტებში წერია, რომ ივანიშვილის ქართუ ფონდის ვალი, ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის მიმართ, 2023 წლის ბოლოსთვის 146 მილიონ 860 ათასამდე გაიზარდა. 

  • "შაბათის ეთერს" არაფორმალურ საუბრებში უყვებიან, რომ რეალურად გიორგი ჭელიძე ფიქტიური პირია და ქვანახშირის საბადოების რეალური მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟაა", რომელიც ევროპარლამენტმა, როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახური ბიზნესმენი სანქცირების სიაში ჩასვა.
  • ტყიბულის საბადოების მფლობელი ივანიშვილს, მხოლოდ ათობით მილიონს აძლევს და ეს არის ხარკი ოლიგარქისთვის, თუ ეროვნულ სიმდიდრეს ივანიშვილი სხვების მეშვეობით სრულად ფლობს და რუსეთის მოქალაქეს უბრალოდ ამართინებს?
  • გამოვყვეთ 2019 წლის 27 სექტემბრიდან, როდესაც საქნახშირში,,სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი’’ შევიდა. მაშინ მფლობელმა კომპანიამ შახტების მართვა, ,,კოალ მენეჯმენტს’’ ჩააბარა. ,,კოალ მენეჯმენტის’’ 100%-იანი წილის მფლობელად კი ვინმე გიორგი სამყურაშვილი გამოჩნდა. სამყურაშვილს მანამდე ბიზნესთან კავშირი არ ჰქონია. მის სახელზე ქონება, არც ახლა ფიქსირდება. სწორედ ამიტომ ჩნდება პირველივე ეჭვი, რომ 1993 წელს დაბადებული გიორგი სამყურაშვილი, ვიღაცის  ნდობით აღჭურვილი, ფიქტიური პირი იყო.
  • კოალმენეჯმენტის მეწილედ 2022 წლის 9 აგვისტოს გაფორმებულმა გიორგი სამყურაშვილმა, ზუსტად 17 დღეში, საკუთარი წილი, სრულად და უსასყიდლოდ გადასცა, რუსეთის მოქალაქე რომან სოცკის. ამ უკანასკნელმა კი საჩუქრად მიღებული წილი, მიღებიდან 13 დღეში, მამას, ასევე რუსეთის მოქალაქე, მიხაილ სოცკის გადასცა. რა თქმა უნდა საჩუქრად.

 რუსული ბატონ-ყმობის დაბრუნება საქართველოში - ვრცლად მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში