მალავს თუ არა ქონებას საგანგებოს შეფი
ვის ეკუთვნის რეალურად დიღომში მდებარე კერძო სახლში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოფიციალურად ეს ქონება თემურ მღებრიშვილს არ ეკუთვნის. როგორც "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ის ცოლის ნათესავის სახელზე აქვს გაფორმებული, თუმცა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს მღებრიშვილის მეზობლები უდასტურებენ, რომ სახლი ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის საკუთრებაა.
სტარბონის ქუჩაზე, რომ ჩინოვნიკი ცხოვრობს ამას მარტივად მიხვდებით. ჭიშკარსა და გალავნის მთელს გაყოლებაზე ათობით სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. სახლს დაცვის პოლიცია იცავს, მთელს პერიმეტრს კი მაღალი გარჩევადობის რამდენიმე ტიპის სათვალთვალო კამერა აკონტროლებს.
დიღომში კერძო საცხოვრებელ სახლში თემურ მღებრიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თუმცა ეს ქონება ჩინოვნიკის ცოლის ბიძაზეა გაფორმებული. დოკუმენტებში ისე ჩანს, თითქოს 1000 კვადრატული მეტრი მიწა, შენობა-ნაგებობებით ამირან ფეიქრიშვილმა იყიდა. მღებრიშვილი ამტკიცებდა, რომ სახლი გასულ წელს, წერეთელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით შეწუხებულმა რამდენიმე თვით ნათესავისგან ითხოვა, არადა მეზობლები ამბობენ, რომ ჩინოვნიკი უკვე სამი წელია სტრაბონის ქუჩის ბინადარია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეფი 2024 წლის 17 იანვარს ამტკიცებდა, რომ სახლი წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო ითხოვა,
ახლა 2025 წლის 1 მარტია, თუმცა თემურ მღებრიშვილი ოჯახთან ერთად იმავე ორ სართულიან კერძო სახლში ცხოვრობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეფის ოჯახის ყველა წევრი საჯარო მოხელეა. თემურ მღებრიშვილის ცოლი ნანა ფეიქრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს. შვილი, ლაშა მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელია. ადგილზე გვიყვებიან, რომ ჩინოვნიკის ოჯახში ყველას სახელმწიფო მანქანა და მძღოლი ემსახურება.
ქვეყნის პირველ მაშველი ნეპოტიზმშია მხილებული! საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გამოტანილი ინფორმაციით, თემურ მღებრიშვილმა, მეგობრები, ნათესავები და ახლობლები, მის სამსახურში ან სხვა ძალოვან უწყებაში დაასაქმა.