“ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ვოლსკისთვის ზურაბიშვილის დედების მარშზე წასვლა “სპეკულაციაა"

03.03.25 18:12
“ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ვოლსკისთვის ზურაბიშვილის დედების მარშზე წასვლა “სპეკულაციაა"

მას შემდეგ, რა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დედების მარშს შეუერთდებოდა, სალომე ზურაბიშვილზე  იერიში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიიტანეს.

“ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ “ის არის თვითმარქვია და მისი დედების მარშზე წასვლა, სპეკულაციაა.“

სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, მან სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების ძალადობაში წახალისებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, პრეზიდენტი პირდაპირ მოუწოდებს ბავშვებს, “დაუპირისპირდნენ, ესროლონ და პიროტექნიკა გამოიყენონ“.

ახლა ეს თვალთმაქცობაა, რასაც აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. შვილებს თუ მოაწყობ კარგად, თბილად გეყოლება და მერე დედების მარშში მიიღებ მონაწილეობას, ეს არის მისი აზრით ის, რაც სჭირდებათ ჩვენს შვილებს. ჩვენ შვილებს სტაბილურობა სჭირდებათ და არა მისი მავნებლობა, ისეთი, რომელიც უბიძგებს ფიზიკური დაპირისპირებისკენ. ე არის არა მარტო თვალთმაქცობა, არამედ ცინიზმი. ერთის მხრივ შვილებს მოუწოდებდე, ხელში მოლოტოვის კოქტეილი აიღო და პირდაპირ ზურაბიშვილი კონკრეტული მოქმედებებით მოუწოდებს ბავშვებს, რომ ეს იყოს მათი მთავარი ლოზუნგი - დაუპირისპირდი, ესროლე, პიროტექნიკა გამოიყენე და თუკი გამოიყენებ მოლოტოვის კოქტეილს, გასაგებია, რომ უკვე ლიდერი ხარ“, - ამბობს ვოლსკი.

პროტესტის 96-ე დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა. 

“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. დედების მარშს უერთდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც.