ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

03.03.25 18:33
ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უამრავ ბუნდოვანებას შეიცავს, რაც მმართველ პარტიას დისკრეციის საშუალებას აძლევს. 

  • „მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასთან ერთად გადაჭარბებულია" - ვკითხულობთ კომისიის „გადაუდებელ" მოსაზრებაში. 

"საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს" - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კანონები დაჩქარებული წესით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული, რაც მათივე განმარტებით, "ფუნდამენტურად ხარვეზიანია". 

ვენეციის კომისია ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებითაც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ დრაკონულ კანონებს გამყინავი ეფექტი აქვთ მათზე, ვისაც შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობა სურს, შესაბამისად კომისია განმარტავს, რომ კანონები მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. 

  • დასკვნის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

დღეს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. 

საკანონმდებლო პროცესის ანალიზის მიხედვით შედგენილ დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტები განხილულია დაჩქარებული წესით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას. 

ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან ასპექტს, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს დისკრეციის ფართოდ გამოყენების საშუალებას. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობას და არღვევს სამართლებრივ უსაფრთხოებას ადამიანთა უფლებების გამოყენებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა კანონების ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. 

მეტიც, სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღება დაუსაბუთებელია. პატიმრობის ვადების, ჯარიმების გაზრდა, გადაჭარბებულია. ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადახედოს ცვლილებებს", - წერია განცხადებაში. 

  • კომისიის შეფასებით, შეკრებებზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, შესაბამისად, მათივე თქმით, მშვიდობიან შეკრებაზე არ უნდა აიკრძალოს ნიღბის ტარება.

მწვავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ფართოდ ფორმულირებულია, რაც ადამიანებს გაურკვევლობის განცდას უტოვებს. 

ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ყოველივე ზემოთ თქმული არგუმენტებიდან გამომდინარე, არსებულ კანონმდებლობას გადახედოს. 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია: 

  • სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა
  • ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე ინდივიდუალური შეფასების მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს
  • ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა
  • კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე
  • სახის დაფარვის აკრძალვის დაზუსტება
  • "პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის" მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა