ჯაფარიძე სანქციებზე: ადეკვატური პასუხია - ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი საფასურს გადაიხდიან

03.03.25 18:22
ჯაფარიძე სანქციებზე: ადეკვატური პასუხია - ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი საფასურს გადაიხდიან

ადეკვატური პასუხი უკანონობასა და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი , - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომლებმაც "ქართული ოცნების" მაღალინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ სანქციები ამით არ დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრას, შესაბამის საფასურს გადაიხდიან.

„რასაც ჩვენ, ახლა, ვაკვირდებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს; ეს არის პასუხი იმაზე, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ, არა კანონიდან, არამედ დავალებებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი „ქართული ოცნებიდან“ იღებენ; ეს არის პასუხი იმ ფინანსურ ტერორზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ვხედავთ - კერძოდ, არაადეკვატური ჯარიმების გამოწერის სახით; ეს არის პასუხი უმსგავსო კანონებზე, რომელსაც ე.წ. პარლამენტი იღებს, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა. ეს გაგრძელდება და ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მცდელობა, დაჩაგრონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეები, უკვალოდ არ ჩაუვლის, ისინი შესაბამის საფასურს გადაიხდიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.