შეზღუდვები ივანიშვილის რეჟიმს - სანქციების ისტორიაში ყველაზე გრძელი სია დამტკიცებულია
ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს.
სანქციების ყველაზე ფართო სია ლიეტუვამ გამოაქვეყნა. ამიერიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა რეჟიმის 74 ჩინოვნიკს ეკრძალება. ესტონეთმა 55, ლატვიამ კი 16 პირი დაასანქცირა. სანქციების ასეთ საფუძველს ევროკავშირის ქვეყნები აქამდე პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმების წინააღმდეგ იყენებდნენ. ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა ეროვნული სანქციების ბერკეტი აამოქმედეს, რაც უფრო მძიმეა, ვიდრე ევროგაერთიანების შეჯერებული პოზიცია.
"ქართული ოცნების" რეჟიმის მსახურების სანქცირება უნგრეთს და სლოვაკეთს რომ არ დაებლოკა, კომპრომისული ვარიანტის შესამუშავებლად, შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ადამიანის დასანქცირება. ახლა კი, როდესაც ორი პრორუსი მმართველის გამო ევროკავშირის ქვეყნები ეროვნული სანქციების გზას დაადგნენ, ყოველი ახალი პაკეტი უფრო მძიმეა. არის კიდევ ერთი დეტალი, შენგენის ზონის ქვეყნები საერთო ბაზებით სარგებლობენ და ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ სანქცირებულ პირს, როგორც წესი, სხვა ქვეყნებში შესვლაზეც სერიოზული პრობლემები ექნებათ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.