"ქართული ოცნების" რეპრესიული კანონები - რეჟიმი მედიას ხელბორკილებს ადებს
"ქართული ოცნება" დამოუკიდებელი მედიისთვის ყველა კარს კეტავს. ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში ჟურნალისტებს კამერის ჩართვაც კი ეკრძალებათ. ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით, მედია ვერ გააშუქებს პროტესტს, რომელიც უნივერსიტეტებშია.
იკრძალება პოლიციის შენობებში კითხვის დასმა და მასალის გადაღება, ასევე რომელიმე მაღალჩინოსანთან მისვლა და კითხვის დასმა. ეს ყველაფერი შესაძლებელი მხოლოდ უწყებების კეთილი ნების შემთხვევაში იქნება.
"ტვ პირველის" მაყურებელი ყოველ დღიურად ხედავს, როგორ გაურბიან კრიტიკულ კითხვებს პოლიტიკოსები, მოსამართლეები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ჟურნალისტური გამოძიებებით არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, როგორ არიან დასაქმებული საჯარო უწყებებში "ოცნების" პარტიული აქტივი, ისე რომ სამსახურებში არ დადიან. საზოგადოებას მიეწოდება ამბები იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ქუჩაში თუ უნივერსიტეტებშია. როგორც ჩანს, "ოცნებას" სურს, რომ საზოგადოებამდე სიმართლე არ მივიდეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი მოითხოვს პასუხის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მედია ვალდებულია მაყურებელს მოასმენინოს პასუხი იმ ადამიანის, ვისზეც მზადდება ჟურნალისტური პროდუქტი. ამას მედია არც არასდროს გაურბოდა, პირიქით, უდიდეს ძალისხმევას ხარჯავდა მიმალვაში მყოფი მოპასუხე ჩინოვნიკების მოსაძებნად.
მაღალჩინოსნები ძირითადად კრიტიკულ კითხვებს გაურბიან, ამიტომაც მათ სამსახურთან მისვლა ხშირად სწორედ პასუხის მიღებისთვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. კანონის ის მუხლი კი, რომელიც კრძალავს საჯარო დაწესებულებებთან ჟურნალისტის მუშაობას, ამავე კანონის სხვა მუხლს ეწინააღმდეგება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.