სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - მდინარაძე პირველ კომენტარს აკეთებს
ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პირველ კომენტარს აკეთებს.
მდინარაძემ ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ გამოცხადებული სანქციები კვლავ "დიფ სთეითის" გავლენას დაუკავშირა და კამერის წინ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ოლიგარქის გუნდისთვის სანქციები არაფერს ნიშნავს.
ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დი ფსთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე - ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის “,- განაცხადა მდინარაძე.
ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს.