"სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა" - პრეზიდენტი ზურაბიშვილის კომენტარი აქციიდან
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან დაწყებულმა საპროტესტო მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა - სინდისის პატიმრების მშობლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ახალგაზრდები ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის გამოკეტა, პარლამენტთან უკვე მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მშვიდობა მოჩვენებითია.
დღეს ყველა, ეს ქალები, დედები დადგნენ და წამოვიდნენ რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ. სადაც, სამართალი არ არის, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა. ეს არის მოჩვენებითი. ესენი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები, სანამ ჩვენი შვილები არ იქნებიან თავისუფალი. მე ყველა დედას დღეს მაინც მიულოცე ეს დღე იმიტომ, რომ ყველა დედა ბედნიერია მაშინ, როცა ასეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას.
მინდა მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ რაღაც მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვათ ეს მშვიდობა. ეს მშვიდობა თუ მოპოვებული იქნება, იქნება ამ ბავშვებისგან, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს და გაუძლებენ კიდევაც. თავისუფლებიც იქნებიან და მათთან ერთად ეს ქვეყანაც იქნება თავისუფალი.
კიდევ მინდა დავამატო ის, რომ მე ვულოცავ ამ დღეს იმ დედებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აქ იყვნენ და თავიანთ შვილებთან ერთად იყვნენ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მათგანი იზიარებს ჩვენი ყველას წუხილს და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
"ჩემი შვილია, ხელი გაუშვით" - ამ მოწოდებით თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. დედის დღეს სინდისის პატიმრების მშობლები ისევ "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მოქალაქეებმა შეკრება ფილარმონიასთან დაიწყეს და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს. პოლიტპატიმრების დედებთან ერთად დგას ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი დაუშავებიათ.