ვენეციის კომისიის კრიტიკული შეფასება - მესამე სექტორის პირველი შეფასება

04.03.25 11:23
ვენეციის კომისიის კრიტიკული შეფასება - მესამე სექტორის პირველი შეფასება

ვენეციის კომისიის კრიტიკული შეფასება - უფლებადაცველებს არ აქვთ მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" საერთაშორისო დასკვნას გაითვალისწინებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული კანონმდებლობის მიღება ივანიშვილის ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენს და მათი სურვილია, ქვეყანაში რუსული ინტერესები გაატარონ. 

მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს შეასრულებს იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ევროპული ტიპის კანონმდებლობის მიღება მათი მიზანი არ არის და მათი მიზანია, რომ ეს რუსული ტიპის მმართველობა დააწესონ ჩვენს ქვეყანაში და რუსული ინტერესები გაატარონ. მათი მიზანიც არის ძალიან აშკარა, რომ ის დემონსტრაციები და ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, შეწყდეს და ამიტომ მაღალ ჯარიმებს აწესებენ, დამატებით მოთხოვნებს აწესებენ იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, ყველამ უარი თქვას მიტინგის ჩატარებაზე, მარშის ჩატარებაზე, - ამბობს ეკა გიგაური.

იურისტი ეკა ბესელია ამბობს, რომ ჯარიმები, რომლებსაც არალეგიტიმური ხელისუფლება მომიტინგეებს უწესებს, არაპროპორციული და უსაფუძლოდ მაღალია. მისი თქმით, ცხადია, რომ აღნიშნულ სანქციებს "ოცნება" რეპრესიულ მექანიზმად იყენებს. 

ჯარიმები უსამართლოა, ძალიან მაღალი, აბსოლუტურად არაპროპორციული. გარდა იმისა, რომ უკანონოა ეს ჯარიმები და ყველა მოქალაქის მიმართ, ვისად დაუწესდა ჯარიმა, ყველას მიმართ დარღვეულია კონსტიტუციური უფლება, ამის გარდა, ყველა პროცედურად არღვევენ და ნორმალურ ვითარებაშიც კი, რომ იყოს რაიმე ადმინისტრაციული გადაცდომა, ასეთი არაპროპორციული სანქციები და ჯარიმების ოდენობა, პირდაპირ ნიშნავს, რომ ეს გამოყენებულია როგორც რეპრესიული მექანიზმი, - ამბობს ეკა ბესელია. 

კიდევ ერთი იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის ბუნდოვანი ტერმინები და დებულებები, რომელიც კანონმდებლობაშია, ივანიშვილს გუნდს აძლევს დისკრეციას, რომ ისინი სუბიექტურად გამოიყენოს.  

ეს არის ვენეციის კომისიის ძალიან კრიტიკული დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით. კომისიის შეფასებით, ის აკრძალვები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააწესა კანონმდებლობით, მნიშნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ყველაზე მძიმე ნაწილი არის ის, რომ მთლიანად ეს საკანონმდებლო ჩარჩო ვენეციის კომისიამ შეაფასა როგორც განუჭვრეტელი და აღნიშნა, რომ ასეთი ბუნდოვანი ტერმინები თუ დებულებები, რომელიც კანონმდებლობაშია, ხელისუფლებას აძლევს იმის ფართო დისკრეციას, რომ ძალიან სუბიექტურად გამოიყენოს, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.  

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უამრავ ბუნდოვანებას შეიცავს, რაც მმართველ პარტიას დისკრეციის საშუალებას აძლევს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს. 

„მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასთან ერთად გადაჭარბებულია" - წერს ვენეციის კომისია.