რატომ არის "ოცნების" მიერ მიღებული კანონები რეპრესიული - იურისტების განმარტებები

04.03.25 14:18
რატომ არის "ოცნების" მიერ მიღებული კანონები რეპრესიული - იურისტების განმარტებები

რატომ არის "ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონები რეპრესიული - "პირველები" იმ იურისტებს ესაუბრა, რომლებიც დემონსტრანტების ინტერესებს სასამართლოში იცავენ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ სანქციები, რომელსაც რეჟიმი თავისუფალ ადამიანებს უწესებს, არაპროპორციული და უკანონოა. მათი განმარტებით, მაშინ, როდესაც გაცილებით მძიმე დანაშაულზე ჯარიმაც და ადმინისტრაციული პატიმრობაც გაცილებით ნაკლებია, გზის გადაკეტვისთვის ადამიანები მკაცრ სასჯელს იხდიან. 

პრაქტიკულად, ვენეციის კომისიამ გაიმეორა ყველა ის ჩვენი არგუმენტი, რასაც ვამბობთ სასამართლო სხდომებზე და რისი მოსმენაც, სამწუხაროდ, არც სასამართლოს შეუძლია და ხელისუფლების მიზანიც ვიცით რა არის: ეს კანონები გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობით როგორც მსუსხავი და დამთრგუნველი და შემაკავებელი საშუალება. ჩვენ თუ შევადარებთ, მაგალითად, ისეთ პასუხისმგებლობას როგორცი არის ნარკოტიკული ან სხვა საშუალებით ავტომობილის მართვა, რომელიც ძალიან მძიმე, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ბევრი ადამიანის, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობა და ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს არის 2 ათას ლარიანი ჯარიმა და 10-დან 15 დღემდე პატიმრობა. ამ დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტი ან ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე გამოხატავს პროტესტს და გადაკეტავს რუსთაველს, ეს არუს თურმე ძალიან მძიმე დასაკისრებელი შემთხვევა, 5 ათასი ლარი ან 60 დღემდე პატიმრობა, ან პრევენციული პატიმრობა და ა.შ.ეს არის რეალურად ხელისუფლების სურვილი, რეპრესიულად გამოიყენოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, - ამბობს იურისტი. 

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ჯარიმები, რომელსაც მოსამართლეები მომიტინგეებს აკისრებენ, მათ შემოსავალს რამდენჯერმე აღემატება, სტუდენტებს კი მისი გადახდის რესურსი საერთოდ არ აქვთ.  

სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ამ ადამიანებს აჯარიმებენ 5 ათასით, ამ ადამიანებს შემდეგ აკავებენ და ამ ადამიანებს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომაც არის არაპროპორციული ცარევა, არაპროპორციული სანქციები და ამით უნდათ, რომ თავისუფალი ადამიანები შეაშინონ. დღეს ამ ადამიანების ერთადერთი გადარჩენა არის ის სამოქალაქო საზოგადოება, ის ფონდები, რომლებიც ამ ადამიანებს ჯარიმებს უხდიან. თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს სასამართლოში რა ხდება, კიდევ ერთხელ განვმეორდები, ერთი საქმეც კი არ არსებობს სასამართლოში, სადაც თავისუფალი ადამიანი ბოლომდე გამართლდა, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.  

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უამრავ ბუნდოვანებას შეიცავს, რაც მმართველ პარტიას დისკრეციის საშუალებას აძლევს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს. 

„მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასთან ერთად გადაჭარბებულია" - წერს ვენეციის კომისია.