სხვიტარიძის საქმე - ექსპერტმა სამედიცინო დასკვნა ისე დადო, რომ "დაზარალებული" პოლიციელი არ უნახავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე მიიყვანა. მოსამართლის წინაშე გამოიკითხა სამედიცინო ექსპერტი, ამ წუთებში კი ჩვენებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტქტივი აძლევს. საუბარია დეტექტივ მიხეილ წიკლაურზე, რომელიც ბრალდების მხარის თქმით, 2024 წლის 5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა, როცა სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრეს.
ეს უკანასკნელი ფიცის ქვეშ ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს დაზიანება მირიან ქავთარაძეს, თუმცა ვერ იხსენებს და ვერ ამოიცნო ქავთარაძის ხმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში, სადაც ადვოკატების თქმით, პოლიციელი აქციის მონაწილეებს აგინებდა.
რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტს, კონსტანტინე ცქიტიშვილი ამბობს, რომ მან დასკვნა მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე მოამზადა და უშუალოდ "დაშავებული" პოლიციელი არ უნახავს.
- პროკურატურა ამტკიცებს, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, სახის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანება.
კონსტანტინე ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ ყველაფერზე სასამართლოში ისაუბრა.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებული საბა სხვიტარიძეც.
შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
- სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.