როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო - ბიზნესმენის პირველი კომენტარი
როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო - "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
სისტემა არის მორყეული, არ მუშაობს და არის ძალიან ბევრი ხვრელი, ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე გააკეთონ საქმე. მე სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე“, - ამბობს ის.
ბაჩიაშვილის თქმით, “სისტემაში, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, აღარ რჩება ჭკვიანი ადამიანი, ყველა იმაზეა მოტივირებული, რომ ივანიშვილი არ გააბრაზონ.“
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
ინგა გრიგოლიას არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მილიონების ყოფილმა გამკარგველმა არ უპასუხა კითხვას, გულისხმობს თუ არა სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვარაუდსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც "ბაჩიაშვილი ივანიშვილს" გაურიგდა.
ჩემი და ივანშვილის გარიგება იყო და არის შეუძლებელი. მე მას ყველანაირ გარიგებაზე უარი ვუთხარი, პირველ დღეს, როდესაც მე მას შევთავაზე მცირე თანხა, შემდეგ 6 თვეში, მის წარმომადგენელს ვუთხარი, რომ თანხაზე საერთოდ არ იქნება საუბარი-თქო და არც იქნება, მე არცერთ თეთრს არ გამოვაძალინებ ივანიშვილს. სამწუხაროა, რომ ადამიანები მას ურიგდებოდნენ, როდესაც პოლიტიკაში იყო და ეს არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს კაცი არის ბოლომდე გაშიშვლებული, მაგრამ მე არ დავანებებ თავს ჩემი სიმართლის დამტკიცებას და ასევე ვიზრუნებ, რომ ყველას გავაგებინო, რა ადამიანია ივანიშვილი“, - ამბობს ბაჩიაშვილი.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.