ჟურნალისტების დევნა, ფიზიკური ძალადობა და ტერორი - ევროსაბჭო საქართველოში არსებულ მედიაგარემოს აფასებს

05.03.25 16:27
ჟურნალისტების დევნა, ფიზიკური ძალადობა და ტერორი - ევროსაბჭო საქართველოში არსებულ მედიაგარემოს აფასებს

ჟურნალისტების დევნა, ფიზიკური ძალადობა, ტერორი და უკანონო დაკავებები - ამ შეფასებებით მოხვდა საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში, სადაც ქვეყნებში მედია გარემოა შეფასებული. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სწრაფი სვლით ავტოკრატიისკენ მიდის. საერთაშორისო პარტნიორები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ რეჟიმის კიდევ ერთ კანონს, რომელიც კრიტიკული მედიის განეიტრალებისკენ არის მიმართული.

ევროსაბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა სასწრაფო მოქმედება ამ ტენდენციების შესაცვლელად, მედიის თავისუფლებების დასაცავად და საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველო, რომელიც ოდესღაც დევნილი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა, სულ უფრო საშიში ხდება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს 2024 წლის ნოემბერში და ემუქრება ექსტრადიცია აზერბაიჯანში. ჟურნალისტებს ახლა უფრო ხშირად ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. 
 

პრესის თავისუფლების სწრაფი ვარდნა საქართველოში, რომელიც აღინიშნება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ესკალაციით, შემზღუდავი კანონმდებლობითა და პოლიტიკური ჩარევით, ხაზს უსვამს შემაშფოთებელ გადახვევას დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისგან. ხელისუფლების მხრიდან ლეგალური და ფიზიკური დაშინების ტაქტიკის მზარდმა გამოყენებამ, ავტორიტარული მოდელების მიბაძვით, შექმნა მტრული გარემო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის. საჭიროა სასწრაფო მოქმედება ამ ტენდენციების შესაცვლელად, მედიის თავისუფლებების დასაცავად და საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ, - წერია დოკუმენტში. 

ანგარიშის პარალელურად, საქართველოზე იმჯელეს პანელური დისკუსიის დროსაც, სადაც განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლოებლის უკანონო და დაუსაბუთებელი პატიმრობა იყო.

საქართველოში არსებულ გარემოზე ჟურნალისტმა ლია ჩახუნაშვილმა ისაუბრა, რომელიც ჟურნალისტური ქარტიის ხელმძღვანელია. მედიის წარმომადგენელლმა პრიდაპირ თქვა, რომ ახლა ქართველ ჟურნალისტებს ევროპის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რატა ქვეყანაში მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. 

ჩემი ქვეყანა მაღალი სისწრაფით მიდის ავტოკრატიისკენ. საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად გვყავს ქალი პატიმარი ჟურნალისტი, სინდისის პატიმარი, რომელიც ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით ზის. გუშინ მოსამართლემ მამაცი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. 7-მა პოლიციელმა მისცა ცრუ ჩვენება ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ და ახლა მას ემუქრება 4 -დან 7 წლამდე პატიმრობა იმისთვის, რაც არ ჩაუდენია - პოლიციელზე თავდასხმისთვის. უმნიშვნელო სილა პოლიციელისთვის იყო სიმბოლური  და ემოციური ჟესტი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობისთვის. მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს უკანონობის მასშტაბს პოლიციის სისასტიკესთან ერთად, რომელზეც პასუხს არავინ აგებს.

"ქართული ოცნებამ", რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზრუპაცია, აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც  უკანონოდ გამოაცხადებს განსხვავებულ აზრს. ქართული მედია დაკარგავს დასავლური დონორების ფინანსურ დახმარებასთან წვდომას. აქციების პირველ ღამეს პოლიცია თავს დაესხა 35 ჟურნალისტს და ეს თავდასხმები არ იყო შემთხვევითი. პოლიციელებმა კარგად იცოდნენ ვის ესხმოდნენ თავს. არცერთი დასჯილი არ არის. ოლიგარქმა ივანიშვილმა ერთხელ განაცხადა, მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციურ ტელეარხზე, თუ გამორთავთ მას, დაინახავს ხალხი ქვეყნის აყვავებას. მას არ უნდა მივცეთ უფლება, ეს ოცნება აისრულოს. გთხოვთ, არ მიგვატოვოთ, როგორც მზია ამბობს - იბრძოლე, ვიდრე გვიანი არ არის! თავისუფლება მზიას და სინდისის ყველა პატიმარს, - თქვა ჩახუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები