კობახიძის პირველი კომენტარი მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შემდეგ
"სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს" - ასეთია ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შემდეგ.
უზბეკეთში მყოფი კობახიძე დღეს ჟურნალიტებთან ამტკიცებდა, რომ "თუ ვინმე შეძლებს შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც"
„თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება, დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, რატომ - ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ ზოგადად სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა. თუ ვინმე შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ ჩვენ სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა.