აშშ ჩინური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს - რას აპირებს ოცნება?

06.03.25 13:29
აშშ ჩინური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს - რას აპირებს ოცნება?

ჩინური გავლენების წინააღმდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა მუშაობა დაიწყეს - კონგრესში დაინიცირებული ორპარტიული აქტით ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიული მნიშვნელობის პორტებში ჩინურ ინტერესებთან ბრძოლას აანონსებენ. 

ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს ისტორიული შანსი უჩნდება.

მათი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დააბრუნებს თუ არა ანაკლიის პორტში ამერიკულ ინვესტიციებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, მოცემულ თემაზე "ქართული ოცნების" პოზიციონირება საქართველოს ან დატოვებს, ან სრულიად გააქრობს უსაფრთხოების რუკიდან. 

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორს, რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჩინეთთან პოლიტიკური ფლირტი "ჩინეთის კლანჭებში მოქცევის ტრაგიკული დასაწყისი" და კატასტროფის ტოლფასია. 

ეს საკანონმდებლო აქტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მართლა რომ ხელისუფლება იყვნენ და ქვეყნის დარდი ჰქონდეთ, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პრესკონფერენცია უნდა ჰქონდეთ უკვე. ეს დუმილი და ბატონი დავითაშვილის მიერ გაჟღერებული დაპირება ჩინელებისთვის, რომ კონტრაქტის გაფორმება სწრაფად მოხდება, არის გაგრძელება იმ ანტიდასავლური ხაზის, რომელსაც ვუყურებთ.

სარისკო მომენტია, საქართველოს სწორმა პოზიციონირებამ შეიძლება დაგვტოვოს უსაფრთხოების რუკაზე, ან საერთოდ გაგვაქროს უსაფრთხოების რუკიდან. ამ ვითარებაში, ჩინეთთან ფლირტი კატასტროფის მომასწავებელია. დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ სტრატეგიული პოზიციონირება არის დამღუპველი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი დასაცავი აქვს, ოკუპაციის ქვეშ არის და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი გასაყვანი ჰყავს თავისი ქვეყნიდან. 

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეს იქნება პირველი დიდი ტყვიანასროლი ამ ურთიერთობების საწინააღმდეგოდ. საქართველოსთვის ეს არის არა უბრალოდ ჩინეთის კლანჭებში მოქცევის ტრაგედიის დასაწყისი, არამედ ასევე რუსული დიქტატის გამყარების საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.