"ესენი არიან ივანიშვილის პირადი ტყვეები" - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე მივიდა

06.03.25 15:24
"ესენი არიან ივანიშვილის პირადი ტყვეები" - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე მივიდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის და კიდევ სინდისის 5 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დაკავებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები არიან, რომლებიც იმიტომ ისჯებიან, რომ ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. 

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას მართლმსაჯულების არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„ვესწრები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების სასამართლო პროცესებს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, რომლებიც ისჯებიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავდნენ და აპროტესტებდნენ იმ ძალადობას, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ თავის ბრძოლის იარაღად აარჩია. არანაირი მოლოდინი არ მაქვს მართლმსაჯულების. ჩვენ სასამართლო არ გვაქვს და ამ ე.წ. ხელისუფლების ხელში არასდროს იქნება. ამიტომ მოთხოვნა არის უცვლელი: ეს არის ახალი არჩევნები, ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მინდა ყველა ამ ადამიანს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის არიან საპყრობილეში ვუსურვო მხნეობა, გამარჯვება აუცილებლად ჩვენკენ იქნება. ყველა ის ადამიანი, პროკურორი, მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში იღებს მონაწილეობას კანონის წინაშე აგებს პასუხს მთელი სიმკაცრით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები