კრივოშეევი: არ მახსენდება პარლამენტი, რომელიც ასეთ ცვლილებებს ამ მასშტაბით, ტემპით იღებდა
არ მახსენდება პარლამენტი, რომელიც ასეთ ცვლილებებს ამ მასშტაბით, ტემპით იღებდა - ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც დენის კრივოშეევი აღნიშნავს, ეჭვი აღარ რჩება იმის თაობაზე, თუ რა მიზნები აქვს ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებულ კანონებსა და ცვლილებებს.
"იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის - არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას.
ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგა, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს მათი სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. [ვხედავთ] როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას", - თქვა მან.