ავტოკრატიულ რეჟიმებს ვაშინგტონიდან თავზე ხელს არ გადაუსმევენ - ცისკარიშვილი

07.03.25 13:16
ავტოკრატიულ რეჟიმებს ვაშინგტონიდან თავზე ხელს არ გადაუსმევენ - ცისკარიშვილი

"მთავარი სიგნალი, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის, კონკრეტულ ზომებს იღებენ" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

  • საუბარია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, "ქართული ოცნების" იმედი, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებს შტატების ახალი ადმინისტრაცია ხელს გადაუსვამდა, ფუჭი აღმოჩნდა. 

ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით, რისი იმედიც ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს გადაუსვამდა, ეს არ მოხდება. მთავარი სიგნალი და მესიჯი, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის, და ასევე ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოფნა". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

მსგავსი სიახლეები