თუ MEGOBARI ACT-ი პირველ განხილვას წარმატებით გაივლის, ის კანონად იქცევა - ხიდაშელი

07.03.25 15:21
თუ MEGOBARI ACT-ი პირველ განხილვას წარმატებით გაივლის, ის კანონად იქცევა - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ MEGOBARI ACT-ი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში პირველ მოსმენას წარმატებით გაივლის, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ორპარტიული მხარდამჭერის მქონე კანონპროექტი კანონად იქცევა. 

  • MEGOBARI ACT-ის კანონად დამტკიცების შემდეგ კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აღასრულოს. 

თინა ხიდაშელის შეფასებით, შტატებიდან "ქართული ოცნებისთვის" მკაფიო სიგნალი მოდის, რომ თუ რეჟიმს საკუთარი მსახურების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების ამოქმედება არ სურს, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს და დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. 

ამ კანონპროექტიდან რომელიმეზე განხილვის დაბრუნება უკვე იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი შემადგენლობის კონგრესში ის განხილვაზე ვერ მოხდებოდა და კომიტეტის სხდომიდანვე მოხდებოდა მისი უარყოფა. თუ პირველი განხილვა გაიარა მან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა. ამ პროექტის განხილვიდან გადასვლა შემდეგ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, კალენდარში როდის მოუწევს მასზე კენჭისყრა და ფიზიკურად ის კანონად როდის იქცევა, არის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის გარდაუვალი და მათ უნდა დაიწყონ მოქმედება თუ არ უნდათ, რომ ის უმძიმესი შედეგები, რომლებიც ამ კანონით არის გათვალისწინებული, დადგეს.

მოქმედებას კი მხოლოდ ერთი რამ სჭირდება. საქართველოში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები გააჩერებს მთელ იმ პროცესს, ჯაჭვს ნეგატიური შედეგების, რომელიც შეიძლება მიიღონ მათ. არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამ კანონპროექტებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. უფრო მეტად, ამ კანონპროექტებზე დე ფაქტო ხელისუფლების რეაგირებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული". - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

მსგავსი სიახლეები