"პირველების" ინფორმაციით, კონგრესში MEGOBARI ACT-ის განხილვას ქართველი სამოქალაქო საზოგადოება დაესწრება

07.03.25 15:34
"პირველების" ინფორმაციით, კონგრესში MEGOBARI ACT-ის განხილვას ქართველი სამოქალაქო საზოგადოება დაესწრება

"პირველების" ინფორმაციით, მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში MEGOBARI ACT-ის განხილვას საქართველოდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 

საქართველოს მოქალაქეები კონგრესმენებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას "ქართული ოცნების" ქმედებებზე, ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე და ადამიანთა უფლებების შელახვაზე. 

შეგახსენებთ, ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.