პაპუაშვილის მიერ ელჩებზე თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ "ოცნება" ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანას ცდილობს - ჯაფარიძე
"პაპუაშვილის მიერ ელჩებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ "ოცნების" მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის მიერ დიპლომატებზე მიტანილი იერიში იმის გამოხატულებაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსულ წიაღში შეყვანას ცდილობს.
პაპუაშვილის თავდასხმა საქართველოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებზე, მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და ამ ძალის ამოცანაა არა იმ დაპირების შესრულებაა, რომელიც მათ ჰქონდათ - საქართველოს ევროპასთან დაახლოებაა, არამედ პირიქით, დაშორება ევროპისგან, ევროკავშირისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებისგან და ჩვენი ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანა. სწორედ ამას ადასტურებს პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები, რომელთაგანაც ერთი კრიტიკული სიტყვა არ გაგვიგია არც ლავროვთან, არც პუტინთან მიმართებით, მაგრამ ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს." - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ სამიზნეში დიპლომატები ამოიღო - შალვა პაპუაშვილი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას თავდასხმით ეხმაურება და მათ "რევიზორებად" რაცხავს.
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი კამერების წინ ირწმუნება, რომ ევროპელი დიპლომატების მიზანი "ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენა და მოსამართლეების დაშინებაა". შალვა პაპუაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზში ყოფნა ელჩების მიერ "საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა".