ცნობილია თარიღი, როდის განიხილავს აშშ-ის სენატი MEGOBARI ACT-ს

07.03.25 18:21
ცნობილია თარიღი, როდის განიხილავს აშშ-ის სენატი MEGOBARI ACT-ს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი MEGOBARI ACT-ს 11 მარტს განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული.

ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.