"ძლიერი საქართველოს" წევრები თავისუფლები არიან - ირაკლი კუპრაძისა და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

08.03.25 11:00
"ძლიერი საქართველოს" წევრები თავისუფლები არიან - ირაკლი კუპრაძისა და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები თავისუფლები არიან - პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე "პირველებთან" გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საპროტესტო აქციიდან სახლში მიდიოდა, რა დროსაც ვარაზის ხევზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა. თავდაპირველად, ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკა მოითხოვეს, თუმცა შემდეგ ირაკლი კუპრაძე და მასთან ერთად მყოფი კოალიციის სხვა წევრები დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ მიზეზი ლაზერი გახდა, რომელსაც კოალიციის წარმომადგენლები პროტესტის მე-100 დღეს პარლამენტის შენობას ანათებდნენ. მისივე ცნობით, "ძლიერი საქართველოს" წევრი, ბექა ბერიძიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ჯუბა ლოლაძის, ოთო ფარულავასა და მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. 

ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული. აქციიდან მივემართებოდით სახლებისკენ. ვარაზის ხევზე გაგვაჩერა ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა. შემდეგ შემოუერთდა მეორე დაბურული მინებით ავტომობილი. შემოუერთა კიდევ ორი საპატრულო ეკიპაჟიც. თავიდანვე განზრახული ჰქონდათ, სავარაუდოდ, ჩვენი დაკავება. 

მთავარი მიზანი იყო ის, რომ ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც ანათებდა პარლამენტის შენობას, ითვლიდა დღეებს და ამხნევებდა რუსთაველის გამზირზე მდგომ ჩვენს მოქალაქეებს. ბექა ბერიძიშვილი დააჯარიმეს 2 000 ლარით, ჩვენ სამზე - ჯუბა ლოლაძეზე, ოთო ფარულავაზე, ჩემზე დაიწყო საქმის წარმოება. რა ტიპის საქმის წარმოება, ჯერჯერობით არ ვიცით. ვნახავთ, უახლოეს დღეებში რა წერილი მოგვივა". - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი ვარაზის ხევზე დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.