"მილიციასაც ვეღარ დავუძახებ, "შკოდნიკობით" არიან დაკავებულები" - დათუნაშვილი
"მილიციასაც ვეღარ დავუძახებ, "შკოდნიკობით" არიან დაკავებულები" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა მისივე თანაპარტიელების დაკავების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქუჩაში ადამიანებს მხოლოდ იმის გამო აკავებენ, რომ პროტესტის მე-100 დღეს მათგან ლაზერი მოეპარათ.
იმ ეპოქის ტერმინი არის შკოდნიკობა. შკოდნიკობით არის დაკავებული, მილიციასაც ვეღარ დავუძახებ. ხალხი ქუჩაში ადამიანებს ატყვევებს იმისთვის, რომ ლაზერი მოეპარათ 100 დღის თავზე. საღოლ, ეს არის მიღწევა, რომ ლაზერი აღარ არის. მაინც ვიშოვით, მაინც იქნება და ეს გაზაფხული ულაზეროდ არ ჩაივლის". - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი ვარაზის ხევზე დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.