"საათ ნახევრის განმავლობაში არ მოგვცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება... ბრძოლა გრძელდება, გავიმარჯვებთ" - "ძლიერი საქართველოს" წევრები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში საგანგებო განცხადებას აკეთებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც გუშინ ქუჩიდან აიყვანეს და დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, დაპატიმრების დეტალებს იხსენებენ. მათივე თქმით, ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ჩასაფრება მოუწყვეს და აქციიდან წამოსულებს ხელბორკილები უკანონოდ დაადეს.
"საათ ნახევრის განმავლობაში არ მოგვცეს საშუალება, დაგვერეკა ადვოკატთანაც კი" - ამბობენ "ძლიერი საქართველოს" წევრები, რომლებიც ბრძოლას გამარჯვებამდე აანონსებენ.
უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს, როდესაც ვბრუნდებოდით სახლში "ძლიერი საქართველოს" ლიდერი და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, გზაში მოგვიწყვეს ჩასაფრება, სპეცოპერაცია. უკანონოდ, რეჟიმის მსახურმა პოლიციამ დაგვაპატიმრა და გადაგვიყვანა განყოფილებაში. ჩვენთან ერთად დააპატიმრა ლაზერიც და საათ-ნახევრის განმავლობაში არ მოგვცეს საშუალება, დაგვერეკა ადვოკატთანაც კი. როგორც ჩანს, მსახურ პოლიციასა და მთავრობას ეშინია ამ ლაზერის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ 2 000 ლარით დამაჯარიმეს, ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ...
ლაზერით თუ ულაზეროდ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თანამებრძოლების, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის. ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის. ჩვენ ვერც ჯარიმა და ვერც დაკავება, ვერ წაგვართმევს ჩვენს მთავარ მოტივაციას ამ ბრძოლაში, ჩვენი ქვეყნის სიყვარულს. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომლებმაც ასეთი მხარდაჭერა გამოხატა ჩვენს მიმართ. ჩვენ ყოველ დღე ვგრძნობდით ამ სიყვარულს. გავიმარჯვებთ სახელოვნად", - განაცხადეს "ძლიერი საქართველოს" წევრებმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი ვარაზის ხევზე დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.