"ძლიერი საქართველოს" წევრებმა ამ დრომდე არ იციან, მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება რაზე დაყრდნობით დაიწყო
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლების დაკავებიდან უკვე 10 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. ვახო გომელაურის უწყებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რის გამო დაიწყო მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ბექა ბერიძიშვილი 2 000 ლარით საპროტესტო აქციაზე ლაზერის გამოყენების გამო დააჯარიმეს.
ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი ვარაზის ხევზე დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, საათ ნახევრის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატთან დარეკვის უფლებას. მოქალაქეები დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.