ექსკლუზიური ვიდეო-მასალა და დოკუმენტები - როგორ გავიდა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან?
როგორ გავიდა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან? - "შაბათის ეთერმა" სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა. ეს კადრები კი საუკუნის გაქცევის სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა:
- ყველაფერი კვირას, 2 მარტს, საღამოს 6 საათზე დაიწყო. პოლიციის ფაილების მიხედვით, იმ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა მის ნაცნობს, შოთა ქარუმიძეს დაურეკა და საბურთალოზე მისვლა სთხოვა. შეხვედრა მუზიაშვილის ქუჩა შედგა, ამ დროს უთხრა ბაჩიაშვილმა მძღოლს, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით უნდა წასულიყვნენ.
- ბიზნესმენი Toyota Camry-ის მარკის ავტომობილში უკანა სავარძელზე დაჯდა. ერთ საათში კი, როდესაც ავტომობილი სადახლოს გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა, ბაჩიაშვილმა მძღოლს გაჩერება სთხოვა, ისე რომ ავტომობილიდან არ გადმოსულა, მანქანაში წინასწარ მოწყობილ ე.წ სამალავში მოთავსდა.
მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მანქანა, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფება, სასაზღვრო კონტროლის ზონაში 2 მარტს 20 საათსა და 58 წუთზე შედის და შემოწმების რიგში ჩერდება.
- ბაჩიაშვილი უკვე სპეცსამალავშია. გაჩერებიდან 2 წუთში ერთ-ერთი მესაზღვრე სამორიგეო ჯიხურს ტოვებს და რიგში მდგომი ავტომობილების შესამოწმებლად მიემართება. ბაჩიაშვილი მანქანა მესამეა, მესაზღვრე ჯერ საბარგულს ამოწმებს, რწმუნდება, რომ იქ რაიმე აკრძალული ნივთი არ არის, შემდეგ კი სალონის შესამოწმებლად უკანა კარის გახსნას ცდილობს, კარი დაკეტილია, მძღოლს ნერვიულობა ეტყობა, რამდენიმე წამში კი მესაზღვრე ისევ რწმუნდება, რომ უკანა სავარძელზეც არავინ არის და შემდეგი პროცედურებისთვის ჯიხურში ბრუნდება.
- კვირას საღამოს სადახლოში საქართველოდან გასვლის მსურველი მოქალაქეების რიგია, ავტომობილები ნელა მოძრაობენ. ამ დროს გიორგი ბაჩიაშვილი მანქანის უკანა სავარძელთან მოწყობილ სამალავშია და არ იცის, რატომ არ იძვრის გაჩერებული ავტომობილი. ახლოს პატრული დადის, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს. საკონტროლო შემოწმება 9 წუთს გრძელდება საბოლოოდ, კი ავტომობილი, რომელშიც მალულად, ბიზნესმენია, საქართველოს ტერიტორიას 2 მარტს, 21 საათსა და 06 წუთზე ტოვებს.
- მანქანის სამალავიდან გადმოსასვლელად და უკანა სავარძელზე დასაბრუნებლად კი 1 წუთი აქვს, რადგან ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ეს უნდა მოასწროს, დაახლოებით 250 მეტრშია, რასაც ავტომობილი ნელი სვლით ერთ წუთში გაივლიდა, ამიტომ გიორგი ბაჩიაშვილმა მძღოლს ავტომობილის გაჩერება სთხოვა, სამალავიდან გამოვიდა და ბაგრატაშენის სასაზღვრო პუნქტამდე ფეხით მივიდა. მესაზღვრეს კი რუსული პასპორტი წარუდგინა - კითხვები რომ არ გაჩენილიყო, როგორ გადმოვიდა საქართველოს საზღვრიდან ისე რომ პასატის გასვლის შტამპი არ ჰქონდა, სომეხ მესაზღვრეებს ქართული პირადობის მოწმობა წარუდგინა, რომ თითქოს საქართველო ამ დოკუმენტით დატოვა. ახლა ჩნდება კითხვა - საიდან ჰქონდა ბიზნესმენს პირადობის მოწმობა, როდესაც მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, ყველა დოკუმენტი ჩამოართვა და საზღვრის დატოვებაც აუკრძალა.
როგორც უკვე გაირკვა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი 2 მარტს, საღამოს 22 საათისთვის დატოვა. მაგრამ, ახლა ნერვების ომის კიდევ სამი საათი და 30 წუთი იწყება. ბაჩიაშვილმა სადახლოდან ერევნის საერთაშორისო აეროპორტამდე მისვლა უნდა მოასწროს და პირველი რეისით გაფრინდეს შორს. შოთა ქარუმიძემ გიორგი ბაჩიაშვილი ერევნის აეროპორტში დატოვა.
- ბაჩიაშვილი სომხეთიდან პირველივე რეისით, კატარში ერევანი-დოჰას რეისით გაფრინდა, რომელიც აეროპორტში მისვლიდან დაახლოებით საათ ნახევარში იყო. საქმის მასალებში ამის შესახებ არაფერია წერია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ბაჩიაშვილს წინასწარ ბილეთიც კი არ ჰქონდა ნაყიდი. ბაჩიაშვილი კატარში გაფრინდა, მძღოლი შოთა ქარუმიძე კი უკან, საქართველოში დაბრუნდა, 3 მარტს გამთენიას ქარუმიძე სომხეთ -საქართველოს საზღვარს 04 საათსა და 48 წუთზე კვეთს, ავტომობილი არავის გაუჩერებია. ამ დროს არავინ იცოდა, რომ ბიზნესმენი, რომელსაც სპეცსამსახურები 24 საათიან რეჟიმში უთვალთვალებდნენ, საქართველოში აღარ იყო.

ბაჩიაშვილი ძებნის საქმეში პირველი პატაკი 4 მარტს, 15 საათსა და 40 წუთზე ჩნდება, პოლიციის ოფიცერი რამაზ ეჯიბია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენმა სომხეთის გავლით ქვეყანა დატოვა. იმავე დღეს საგამოძიებო უწყებამ სომხეთის რესპუბლიკას ინტერპოლს სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა და სამართლებრივი დამხარის თხოვნით მიმართა - პასუხი მალევე მიიღეს და დადასტურდა რომ ბიზნესმენი სომხეთში გადავიდა. ერევნის აეროპორტიდან კი დოჰას მიმართულებით გაემგზავრა.

ამ მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წარუდგინეს, თუმცა გამოძიება მალევე ჩიხში აღმოჩნდა. გომელაურის უწყებამ გაარკვია, რომ კატარის დედაქალაქიდან ბაჩიაშვილი აბუდაბის მიმართულებით გაემგზავრა. აბუდაბში კი გოელაურმა ბაჩიაშვილის კვალი დაკარგა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო წერილი, რომ ბაჩიაშვილი მათ ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, თუმცა არ წერენ რა მიმართულებით გაფრინდა.
