კულტურის სამინისტროს შემდეგ იუსტიცია - რა მიზნით გადაიყვანეს წულუკიანის სანდო კაცი საჯარო რეესტრში

08.03.25 21:42
კულტურის სამინისტროს შემდეგ იუსტიცია - რა მიზნით გადაიყვანეს წულუკიანის სანდო კაცი  საჯარო რეესტრში

კულტურის სამინისტროს შემდეგ, იუსტიციის ჯერი დადგა - თეა წულუკიანის სანდო კადრი, რომელმაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში წმენდა ჩაატარა, ახლა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიავლინეს. ნიკოლოზ აზნაურაშვილს სამსახური მაშინ შეუცვალეს, როცა რეესტრის თანამშრომლებმა საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად პეტიციას  ხელი მოაწერეს და ამით ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გაემიჯნნენ  და რეჟიმი კონსტიტუციის დარღვევაშიც ამხილეს. 

ნიკოლოზ აზნაურაშვილი 27 თებერვლიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის  მალე ამ სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება. ასეთია დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის ბრძანება, რადგან მოქმედი თავმჯდომარის, დავით დევიძის მუშაობით ოხანაშვილი უკმაყოფილოა.

წყარო გვიყვება, რომ დავით დევიძემ ვერ მოახერხა მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხის შეჩერება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ბოლო თვეების განმავლობაში, სოციალურ ქსელშიც იცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ქუჩაში -აქციაზეც. ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეპრესიების შეწყვეტას, იწონებდნენ და აზიარებდნენ პოსტებს, რომელიც რეჟიმისთვის მიუღებელი იყო.

ინფორმირებული ადამიანი შაბათის ეთერს უყვება, რომ ის რაც დევიძემ ვერ შეძლო, აზნაურაშვილმა უნდა გააკეთოს -  რეორგანიზაციის საბაბით სისტემა უნდა გაიწმინდოს,  რომ ოლიგარქმა სიმშვიდე იპოვეს. 

ნიკოლოზ აზნაურაშვილი რეპრესიების მოწყობაში გამოცდილი კადრია... ეს ის კაცია   ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს მუზეუმები და სახელოვნებო დაწესებულებებში წმენდა ჩაატარა და პროფესიონალი კადრები  სახლში გაუშვა. წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო აზნაურაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა მუზეუმების და მუზეუმ - ნაკრძალების თანამშრომლები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები  და  არქეოლოგები. გასაუბრებებში აზნაურაშვილი პირადად მონაწილეობდა. ატარებდა დაკითხვებს. ამ პროცესს კულტურის სისტემიდან გაშვებული მეცნიერები საბჭოთა დაკითხვას ადარებდნენ.

აზნაურაშვილის აღზევება ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება. ის თეა წულუკიანის სანდო კაცია. წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს, აზნაურაშვილი  ხუთი წელი, სამინისტროს გენ ინსპექციაში მუშაობდა. შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში. როცა წულუკიანი იუსტიციას ჩამოაშორეს და კულტურაში გადაიყვანეს მან თან წაიყვანა ნიკოლოზ აზნაურაშვილიც. 2021 წლიდან ის კულტურის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით ემსახურებოდა რეჟიმს. 

წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ აზნაურაშვილმა უმოკლესს ვადებში უნდა დაითხოვოს რეჟიმის წინააღმდეგ წასული საჯარო მოხელეები. აზნაურაშვილთან ერთად პოლიტიკური ნიშით დევნის პროცესებში ჩართულია გიორგი ბებიაც.