ექსკლუზივი - დოკუმენტები არქივიდან: ივანიშვილმა საკუთარი ნათესავი დააჭერინა

08.03.25 20:25
ექსკლუზივი - დოკუმენტები არქივიდან: ივანიშვილმა საკუთარი ნათესავი დააჭერინა

ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - "შაბათის ეთერისთვის" ცნობილი ხდება, რომ 2006 წელს ბიძინა ივანიშვილმა იმ დროინდელ ხელისუფლებას საკუთარი ქვისლი დააჭერინა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ: 2006 წლის 12 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს წერს, რომ მისმა  ქვისლმა,  წყნეთში რეზიდენციის მშენებლობის დროს, დიდი ოდენობით ფული მოჰპარა. ივანიშვილი მერაბიშვილს სთხოვს, გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას და მისი სიძის პასუხისგებაში მიცემას. 

ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის საჩივარი საკუთარი ქვისლის წინააღმდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს დააწერა. მალევე, ოლიგარქის ქვისლი, გრიგოლ ბერიძე, ივანიშვილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.

ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ამტკიცებს, რომ წყნეთში რეზიდენციის მშენებლობა, მისი ცოლის დას - ირმა ხვედელიძეს და ქვისლს, გია ბერიძეს ჩააბარა, რადგან თავად საქართველოში ხშირად არ იყო. ფულის რაც კი მშენებლობას დასჭირდებოდა მისი პირადი ანგარიშიდან, კიდევ ერთი ნათესავი - ნათელა ყალიჩავა გამოყოფდა. ბიძინა ივანიშვილი  ვანო მერაბიშვილს არწმუნებდა, რომ მისმა ქვისლმა, ნდობით ისარგებლა, ხარჯები გაზარდა, ნათელა ყალიჩავას 800 ათასი დოლარით მეტი გამოართვა და მიითვისა.

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იპოვეს და პირველი ინტერვიუ ჩაწერეს ეკატერინე ხვედელიძის დიშვილთან. ახალგაზრდა კაცი, ამბობს, რომ "მამა პატიოსანი ადამიანია", თუმცა 2006 წლელს მომხდარი ფაქტის შესახებ საუბარი არ სურს. 

როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ივანიშვილმა მერაბიშვილთან ქვისლს ისე უჩივლა, რომ ჯერ თავად მას არ ჰქონდა დადგენილი, ფული  ცოლის სიძემ ნამდვილად მოჰპარა, თუ წყნეთში სასახლის მშენებლობა ძვირი გაზრდილი სამშენებლო ხარჯების გამო დაჯდა.  

წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ საბრალდებო სკამზე მყოფმა ქვისლმა, მაშინდელ გამოძიებას დეტალურად წარუდგინა ხელოსნებისათვის გადახდილი თანხების გადარიცხვები და დაქირავებული მუშა ხელის შესახებ ცნობები სამშენებლო მასალის ღირებულება. საბოლოოდ გაირკვა, რომ კაცი უდანაშაულო იყო და ციხეში მხოლოდ ივანიშვილის ეჭვების საფუძველზე ჩასვეს.
 
ბიძინა ივანიშვილის და ვანო მერაბიშვილის კავშირების შესწავლა, განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოლიგარქმა წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დაავალა. ახლა ჩნდება კითხვა - შეისწავლის თუ არა ეს კომისია, რა გავლენა ჰქონდა თავად ივანიშვილს წინა ხელისუფლებისაზე. 

არალეგიტიმური პარლამენტის წევრები მაშინვე გარბიან და აკრედიტაციის შეწყვეტით იმუქრებიან, როცა ჟურნალისტი მათ ბიძინა ივანიშვილს უხსენებს. 

ივანიშვილმა ნათესავი დააჭერინა - თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით