ბიზნესმენი ჩიკვაიძე ამბობს, რომ რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები ქვეყნის გარეთ აქვს გატანილი

10.03.25 22:33
ბიზნესმენი ჩიკვაიძე ამბობს, რომ რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები ქვეყნის გარეთ აქვს გატანილი

"ხვალ რუსული დიქტატურის ხახაში მივდივარ" - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ხვალინდელი პატიმრობა არის თუ არა პასუხი იმისა, რომ ბიზნესმენმა ქვეყნის გარეთ "ქართული ოცნება" ამხილა, გიორგი ჩიკვაიძე პასუხობს - "რა თქმა უნდა". 

ამასთან, გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები ქვეყნის ფარგლებს აქვს გატანილი და დასავლელი პარტნიორები მისი საქმის შესახებ დეტალურად არიან ინფორმირებულები - "ჩვენი საქმე გახდება ერთ-ერთი, რომლითაც სანქციებს ახალი კანდიდატი შეემატება".

ყველა ინფორმირებულია ახლა. ყველას აქვს ჩემი საქმის ასლი. ყველას აქვს ამ დევნის და ზეწოლის ამსახველი მასალა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახავთ, რომ იქნება ძალიან სოლიდური ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე. ჩვენი საქმე გახდება ერთ-ერთი, რომელსაც სანქციების ახალი კანდიდატი შეემატება...

რაც შეეხება კომპრომატებს, თუ მე რაიმე დამრჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაზივარ და ჩემთვის ვინახავ. ეს კომპრომატები, რომლებიც საქართველოს გარეთ მოხვედრილია უკვე, თავის საქმეს ასრულებს, მუშაობს, ამის შედეგები გვინახავს. მე ხვალ მივდივარ რუსული დიქტატურის ხახაში. იქ მე ერთი სადგისი მაინც მჭირდება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ გეგონოთ, რომ მე რაიმე ინფორმაციებს ვფლობ და ამ რეჟიმის საზიანოდ არ ვაქვეყნებ. ყველაფერი, რამაც უნდა იმუშაოს, არის თავის ადგილზე". - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ. 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი, ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. მის საქმეს იზა კელენჯერიძე განიხილავს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ხვალ დააპატიმრებენ

მსგავსი სიახლეები