"მეგობარი აქტის" განხილვა კონგრესში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

11.03.25 11:40
"მეგობარი აქტის" განხილვა კონგრესში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

კონგრესში დღეს დაგეგმილ "მეგობარი აქტის" განხილვას ოპოზიცია ადეკვატურს უწოდებს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა, ამერიკას მჭიდრო კავშირში იყოს და სამომავლოდ უვიზო მიმოსვლაც გაიხსნას, თუმცა ცხადია, ეს "ოცნების" რეჟიმის პირობებშ შეუძლებელია. 

ძალიან ადეკვატურია ის გადაწყვეტილება, რასაც სენატი მიიღებს და მეგობარი აქტი სწორედ ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ ამერიკასთან იყოს მჭიდრო კავშირში, პარტნიორულ ურთიერთობაში, სამომავლოდ გაიხსნას უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმიც, თავისუფალი ვაჭრობაც ჰქონდეს, მაგრამ არა იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც დღეს გყავთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთისკენ შებრუნდა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიას ძირს უთხრის, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

 კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ წნეხი "ოცნებაზე" უნდა გაიზარდოს და ეს წნეხი მათ შორის სანქციებსა და კრიტიკულ შეფასებებში უნდა გამოიხატოს. ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარი ფული აღელვებს და სახელმწიფო ინტერესების არ ანაღვლებს.

ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ წნეხი ივანიშვილზე და მის რეჟიმზე გაიზარდოს. ეს წნეხი უნდა იყოს მათ შორის პოლიტიკური, მძიმე და კრიტიკული შეფასებები და მათ შორის სანქციები, რომელიც მათ უნდა დაუწესდეთ კიდევ უფრო მეტად და მკაფიოდ, იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთადერთი რამ დასაკარგი, რაც ეძვირფასებათ - არა დემოკრატია, არა საქართველოს ეროვნული ინტერესები, არამედ მათი ფინანსები და ფული, რომელსაც ისინი მალავენ არა საქართველოში, არამედ საქართველოს მიღმა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

"მეგობარ აქტს" მნიშვნელოვანს უწოდებს კოლაიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. 

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება, რასაც ცდილობდა. შესაბამისად, მეგობარი აქტის მოსმენა და მიღებაც არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ამ აქტით რეგულირდება ჩვენთან ურთიერთობები, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობები და სანქციები, რომლებიც ამ აქტით განიხილება, არის მნიშვნელოვანი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“ და განსაკუთრებით ივანიშვილისთვის, რომლის რეჟიმიც არის რუსული და სინამდვილეში, ამ აქტით ხაზი ესმევა, რომ ივანიშვილი არის რუსეთის ნაწილი, ჩინეთის და ირანის, -  

გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ მეგობარი აქტი კონგრესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს.

მე ვფიქრობ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციისგანაც იქნება სერიოზული მხარდაჭერა და ეს აქტი, მისი როგორც სანქცირების ნაწილი, ისევ საქართველოს ხალხის მხარდაჭერის ნაწილიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს კონგრესში, ორივე პალატაში და საბოლოო ჯამში, რეალიზებადი იქნება, - ამბობს  დიმიტრი ცქიტიშვილი. 

კონგრესი, თბილისის დროით 18:00 საათი. ამერიკელი კანონმდებლები ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირების აქტის განხილვას იწყებენ. მეგობარი აქტის განხილვა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება, სადაც კონგრესმენები ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე, რეჟიმის დასანქცირებაზე და მათ ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

ეს იქნება პირველი განხილვა იმ აქტისა, რომელიც ჯერ ბაიდენის, შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაინიცირდა და რომელიც "ქართულ ოცნებას" უდიდეს პოლიტიკურ თუ რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებს.

 

მსგავსი სიახლეები