საერთო საკოორდინაციო ფრონტი - პროევროპული ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს

11.03.25 14:15
საერთო საკოორდინაციო ფრონტი - პროევროპული ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს

პროევროპული ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან. საუბარია საერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნაზე, რომელმაც ახალი არჩევნების მომზადება უნდა უზრუნველყოს. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე პლატფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მასში ჩართულები იქნებიან როგორც პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და ორგანიზაციებიც.

ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია, რასაც გავწევთ უკვე სალომე ზურაბიშვილთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პლატფორმაში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საპროტესტო ჯგუფები, სამოქალაქო ორგანიზაციები და გაშლის წინააღმდეგობის ველს ბევრად უფრო ფართოდ, ვიდრე აქამდე იყო, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში საერთო ფრონტი მნიშვნელოვანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინიციატივა ხორცს შეისხამს და ქმედუნარიანი იქნება. 

მაშინ, როდესაც ებრძვი რუსულ რეჟიმს, ძალიან უფრო მნიშვნელოვანია საერთო ფრონტი და ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, თუმცაღა, ერთეული აქტორები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები განსხვავებულად ხედავდნენ და ალბათ მათი განსხვავებული მოსაზრებები იყო ის წინაღობა, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, ამგვარი პლატფორმის შექმნის. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ ის ხორცს შეისხამს და იქნება ქმედუნარიანი და ეფექტიანი ჩვენს საერთო მიზნების მიღწევაში, - ამბობს ბოკუჩავა. 

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დამარცხება და ახალი არჩევნების ცანიშვნა შორს არ არის, თუმცა ამისთვის ოპოზიციის სწორი და კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო.

იმის გამო, რომ არ მოხდეს ერთმანეთს აცდენილი მესიჯების გზავნა, იგივე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, იგივე ქვეყნის შიგნითაც რომ არ დავაბნიოთ ხალხი, პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგა ამ პლატფორმას მხოლოდ იმ ამოცანების გარშემო, რაც გვაერთიანებს: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. მე ახალი არჩევნები ძალაუფლების გადაბარების პროცესად წარმომიდგენია ანუ მე ვთვლი, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, რომ სტატუსკვო ლოიალისტებს ვერ ინარჩუნებს და საყრდენი ეცლება და ჩვენ არ ვართ შორს ამ ყველაფრიდან თუ სწორად ვიმოქმედებთ და თვითონ არ დავიხლით საკუთარ ფეხებში დამბაჩებს, - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.  

ქალბატონი სალომე იყო ძალიან კოორდინაციისთვის მომართული, ვინაიდან ჩვენი, პოლიტიკური პარტიების ვიზიტები დასავლეთში, დასავლელ პარტნიორებთან, ესეც უნდა იყოს ჰარმონიზებული, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ენაზე უნდა ვმეტყველებდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, - ამბობს ბუტიკაშვილი. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას. პრეზიდენტი პროდასავლურ ოპოზიციასთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. 

მსგავსი სიახლეები