1 საათი MEGOBARI Act-ის განხილვამდე - "ოცნება" ისევ "დიფ სთეითზე" საუბრობს

11.03.25 17:00
1 საათი MEGOBARI Act-ის განხილვამდე - "ოცნება" ისევ "დიფ სთეითზე" საუბრობს

სენატში MEGOBARI Act-ის განხილვამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამ ფონზე კი "ოცნება" ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინზე იერიშს არ ერიდება.

კახა კალაძემ დღეს ამერიკელი სენატორები „დიფ სთეითის" წარმომადგენლებად მოიხსენია და ამტკიცებდა, რომ მათ მიერ წარდგენილი MEGOBARI Act-ი "ჩვეულებრივი მტრობაა"

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს”. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები - სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს” და ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ.

რაც შეეხება აღნიშნულ აქტს და მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრობასთან კავშირი აღნიშნულ აქტს არ გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა", - ამბობს კალაძე. 

უფრო შორს წავიდა გია ვოლსკი. ივანიშვილის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი "მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან". 

 „დიფ სთეითი" და მასთან ბრძოლა, არც გია ვოლსკის დავიწყებია.

„როგორც ჯიმ რიში, ასევე ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან. ახლა მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კონკრეტული პირები და მათი ამოცანები - გაიღოს საქართველომ მსხვერპლი. საქართველომ ერთხელ უკვე გაიღო მსხვერპლი, დაკარგა ტერიტორიების 20%, რაც უამრავი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე მოხდა. ახლა ითხოვენ მეორე მსხვერპლს, რომ საქართველო ისეთ პროცესში ჩაერთოს, საიდანაც თუ გამოვიდა და გადარჩა აუცილებლად სერიოზული ზარალით გამოვა. რა საკვირველია, ამას თავის შემოქმედები ჰყავდა და ეს კონკრეტული ადამიანები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] იმ ჯგუფიდან არიან. როგორ განვითარდება მოვლენები ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გვინდა, რომ წარმატებით დასრულდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკელი სენატორების წინააღმდეგ სალანძღავი სიტყვები არ დანანებია დღეს არც არჩილ გორდულაძეს. ის დღეს  ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს "საქართველო ეზიზღებათ" და მათ აქტს არავითარი ფასი არ აქვს.

„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ. იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ასეთ აქტს, რომელზეც დაბეჭდილია", - ამბობს გორდულაძე. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

საგანგებო სხდომა სენატში ზუსტად 18:00 საათზე იწყება.