მმართველი პარტიის გამო საქართველო შესაძლებლობებს ჰკარგავს - ზიგფრიდ მურეშანი
საქართველო მმართველი პარტიის გამო შესაძლებლობებს კარგავს, - ამის შესახებ რუმინელმა ევროდეპუტატმა ზიგფრიდ მურეშანმა სტრასბურგში, "ევროსკოპთან" ისაუბრა.
ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის სურვილია, საქართველოს დაეხმაროს, თუმცა ამის წინაღობა "ოცნების" ხელისუფლებაა. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსებს შეეძლოთ, პასუხისმგებლიანად ემოქმედათ, თუმცა ეს არ გააკეთეს და ახლა ევროინტერგაციის გზაზე მოლდოვასაც ჩამორჩნენ.
საქართველო ახლა კარგავს შესაძლებლობებს მმართველი პარტიის ქმედებების გამო. ჩვენ, ევროკავშირს, გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, მეტად დავეხმაროთ ქართველ ხალხს, მაგრამ ევროკავშირის ამ სურვილის ხელისშემშლელი ფაქტორი არსებული ხელისუფლებაა. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს შეუძლია, იყოს ყველაზე წარმატებული, მაგრამ ის არ არის, რადგან მთავრობამ, რომელმაც გადაწყვიტა მოლაპარაკებების შეჩერება და ყველა დიალოგი, გააჩერა პროცესი და აშორებს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის გზას.
ჩვენ ვხედავთ მოლდოვას, ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე მეტი შანსი არ ჰქონდა. ქვეყანა, რომელიც საქართველომდე გახდა კანდიდატი, ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა სრული უმრავლესობის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გახსნაზე, მოლაპარაკებები გაიხსნა და ზოგიერთ კონკრეტულ კლასტერში დიდი წარმატებებიც არის მიღწეული. საქართველოსაც შეეძლო ეს, პოლიტიკოსებს, რომ პასუხისმგებლობით ემოქმედათ, მაგრამ ახლა საქართველო მოლდოვაზე უკანაა ბევრი ნაბიჯით, რადგან მოლდოვას ხელისუფლება ატარებს რეფორმებს, ასრულებს დანაპირებს და პატივს სცემს გაცემულ პირობებს და მოქმედებენ ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთით. საქართველოში კი საპირისპიროს ვხედვათ, ამიტომაც არის, რომ კარგავენ მხარდაჭერას და ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავთ. იზოლაცის მოაქვს სიღარიბე. სხვა ქვეყნები კი ვითარდებიან უფრო სწრაფად, სანამ საქართველოში ევროინტეგრაციაზე ვითარება უცვლელია, - ამბობს მურეშანი.