ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე - თინა ბოკუჩავა
დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და ბრძოლა იქნება ბოლომდე.
პროკურორები დაგეშილები ეძებდნენ ფაქტებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხები მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ იპოვეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რუსი ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, არამიზნობრივად
დაიხარჯა თანხები დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის.დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სახელმწიფოს
მშენებლობას. ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის იმ ათეულობით პატიმართან ერთად, რომლებიც დაიჭირა რუსულმა რეჟიმმა, სანამ ქართული სახელმწიფოს იდეა რეალიზდეს და ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.