ივანიშვილი დასავლურ სამყაროსთან კავშირების გაწყვეტის ფონზე, მხარდაჭერას ბელორუსის პრორუსი ლიდერისგან იღებს
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ბელორუსის პრორუსი ლიდერი აქებს. ლუკაშენკომ თანამშრომლობის ხელი ქართველ ოლიგარქს ღიად გაუწოდა, შეაქო და თქვა ის, რასაც აქამდე სხვები ამბობდნენ რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ბელორუსივით მოქმედებს.
საქებარი სიტყვები ბელორუსის ლიდერმა გუშინ გამართულ ღონისძიებაზე თქვა, სადაც მას ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ამ დარბაზში დიპლომატებს შორის იდგა საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე, რომელიც ამ დრომდე მინსკში დროებითი რწმუნებული იყო. ლუკაშენკოს ხელმოწერის შემდეგ კი ის ელჩის საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება. ბელარუსის სამთავრობო სააგენტომ საგანელიძის განცხადება გაავრცელა, სადაც ელჩი ამბობს, რომ საქმიანობას საუკეთესო განწყობით იწყებს და ფიქრობს, რომ ორი ქვეყნის ერებს შორის დაახლოება საჭიროა.
ამ განცხადებაში საგულისხმო დრო და კონტექსტია. ლუკაშენკო იმ ავტორიტარების მცირე ჩამონათვალშია, ვინც დღეს ივანიშვილს მხარს უჭერს და მის მთავრობას აღიარებს.
ლუკაშენკოს დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. 2 წლის წინ ის ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა. მას შემდეგ ბელორუსში საქართველოს ელჩი არ ჰყოლია. სალომე ზურაბიშვილი მინსკში ელჩის წარგზავნას ხელს არ აწერდა, მათ შორის იმის გამოც რომ ლუკაშენკო უკრაინასთან ომში რუსეთის ღია და აქტიური მხარდამჭერია. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ "ოცნებას" ბარიერი მიხეილ ყაველაშვილმა მოუხსნა და დიპლომატიური კავშირი სრულფასოვნად აღადგინა.